სოფიო ქაცარავა იგორ დოლგოვს შეხვდა

20/10/2017

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა.
მხარეებმა უკრაინა-საქართველოს შორის მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, საერთო ინტერესებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ურთიერთობების გაძლიერებაზე და ამ კავშირების გამყარებაში მეგობრობის ჯგუფების როლზე.
შეხვედრაზე, მხარეებმა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, რუსეთის რბილი ძალის შესახებ და ამ მიმართულებით საერთო პროექტების თაობაზე ისაუბრეს.
უკრაინის ელჩმა ყურადღება გაამახვილა ქართული პოლიტიკის სწორი წინგადადგმული ნაბიჯებისა და წინასაარჩევნო გარემოს დემოკრატიის ხარისხზე.
შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ორი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებს; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გავმართეთ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან. საქართველოსა და უკრაინას ბევრი საერთო გამოწვევა და ინტერესი აქვს, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების, ისე ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი ჩვენი ქვეყნების სწრაფვის მიმართულებით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ როგორც დაგეგმილ ორმხრივ მაღალი დონის საპარლამენტო ვიზიტებზე ასევე, საპარლამენტო ასამბლეების ფორმატებში თანამშრომლობის შესახებ, რაც ჩვენი ქვეყნების ინტერესების დაცვასა და პოპულარიზაციას გულისხმობს“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0