გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოში NDI –ის წარმომადგენლები მიიღო

13/10/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი NDI –ის წარმომადგენლებს ჯონ მილერს, მირიანა კოვაჩევიჩსა და ოთარ კობახიძეს შეხვდა.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ სტუმრებს საკრებულოში მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისადმი აქტიური ინტერესი აღნიშნული პროცესის კიდევ უფრო მეტ დემოკრატიულობას და გამჭირვალობას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე საუბარი, სხვა თემებთან ერთად, საკრებულოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.
სტუმრებმა განსაკუთრებული ინტერესი წარმომადგენლობით ორგანოში 10 ოქტომბერს გამართულ სხდომასთან დაკავშირებით გამოთქვეს. საკრებულოს თავმჯდომარემ NDI –ის წევრებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
გიორგი ალიბეგაშვილმა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ისაუბრა იმ პროცესებზე, რომლებიც აღნიშნულ სხდომას უძღვოდა წინ.
საკრებულოს თავმჯდომარემ 29 სექტემბრის სხდომაც გაიხსენა და რადიკალური ოპოზიციის იმ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სხდომათა დარბაზში განვითარდა.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მათ მომხრეებს სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება და წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ, მათ დაარღვიეს კანონი და დესტრუქციული ქმედებებით შეეცადნენ სხდომის ჩაშლას და საკრებულოს რეგლამენტის დარღვევას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება, რამაც სხდომა დაახლოებით 1 საათით შეაფერხა.
რაც შეეხება დედაქალაქის საკრებულოში 10 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს, გიორგი ალიბეგაშვილის განმარტებით, ოპოზიცია ყველა მედიასაშუალებით რამდენიმე დღის განმავლობაში აანონსებდა სხდომის ჩაშლას, რის გამოც, კოლეგიალურად მიღებული გადაწყვეტილებით, სხდომაზე დასწრების უფლება მხოლოდ პრესისა და სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიეცა.
საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხის საჯაროობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სხდომა უწყვეტ რეჟიმში, პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა. მისი თქმით, საკრებულოს შენობაში იმყოფებოდა საქართველოში მოქმედი ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი და არცერთ ჟურნალისტს როგორც რესპოდენტის მოძიებაში, ასევე საკრებულოს შენობაში და მის გარეთ გადაადგილებაში შეფერხება არ ჰქონია.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარეს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მათ ყველა საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0