აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის პროგრამა და მისი მიმდინარეობა სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ტაო ჟანგთან განიხილეს.
“განვიხილეთ ის რეფორმები, რომელიც განხორციელდა ამ ეტაპზე. ამავე დროს ვისაუბრეთ შემდეგი მიმოხილვის მაჩვენებლებზე და იმ რეფორმების მიმართულებებზე, რომელიც დაგეგმილი გვაქვს პროგრამაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მენეჯმენტის მიერ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროგრამა საკმაოდ წარმატებულად დაიწყო და ის უკვე არის იმ დადებითი გზავნილების საფუძველი, რომელსაც იღებენ საერთაშორისო ინვესტორები საქართველოში. ასევე ხაზი გაესვა, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია, უნდა შენარჩუნდეს რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება დამატებითი ინვესტიციებისთვის ქვეყანაში”, -განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, აგრეთვე დონორებისა და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან
მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ფაქტორია დამატებითი ინვესტიციებისთვის
13/10/2017