ევროპული უსაფრთხოების მომავალზე საუბარს დაეთმო ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მეოთხე პანელი. მსოფლიოში არსებული მრავალი გამოწვევის ფონზე პანელის მომხსნებლებმა ის გზები და სტრატეგია განიხილეს, რაც ევროპული უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მომხსენებლები შეთანხმდნენ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის გაძლიერება, ასევე საერთო ხედვისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება ევროპის უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. ძლიერი ევროკავშირი კი, ევროპისა და მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოების გარანტიაა.
ევროპის წინაშე დღეს არსებული გამოწვევები, მათ შორის ტერორიზმი, ექსტრემიზმი, კიბერთავდასხმები, ჰიბრიდული და ბირთვული საფრთხე, მიგრაციის პრობლემა პანელის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიმოიხილა და აღნიშნა, რომ გამოსავალი ძლიერ და ერთიან ევროპაშია. როგორც მან განაცხადა, საქართველო ევროკავშირთან უფრო აქტიურ თანამშრომლობას ელის, საქართველო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილია და წვლილი შეაქვს ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა რობერტ ონდრეჟსაკმა ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად მრავალეროვნული ბრიგადების შექმნა დაასახელა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მომავლისთვის აუცილებელია საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება.
სესიას მოდერატორობა საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ გაუწია. პანელის მომხსენებლები ასევე, იყვნენ ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის პოლიტიკურ საქმეთა გენერალური მდივნის მოადგილე ჟან-კრისტოფერ ბელიარი, ემერიტუსის ევროპულ მეცნიერებათა ინსტიტუტის პრეზიდენტი, პროფესორი მარიო ტელო და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (IFRI) მკვლევარი, დოქტორი ბობო ლო. პანელში ვიდეო-კონფერენციით მონაწილეობა ჰადსონის ინსტიტუტის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზისის ცენტრის დირექტორმა რიჩარდ უეითსმა მიიღო.
GDSC-ზე ევროპული უსაფრთხოების მომავალი განიხილეს
12/10/2017