გიორგი კახიანმა პარლამენტის სტაჟიორებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ძირითადი ფუნქციები გააცნო

12/10/2017

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა და კომიტეტის სპეციფიკა და ძირითადი ფუნქციები გააცნო.
„პარლამენტის სტაჟიორებს კარგი შესაძლებლობა გეძლევათ თქვენი სპეციალიზაციიდან და პროფილიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ინსტიტუციის საქმიანობას პირადად გაეცნოთ და კანონშემოქმედებით პროცესებს შიგნიდან მიადევნოთ თვალი“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასაწყისში.
გიორგი კახიანმა სტაჟიორებს პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის ორ ძირითად ფუნქციაზე – საკანონმდებლო და საზედამხედველო მიმართულებებზე და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სპეციფიკაზე ინფორმაცია მიაწოდა.
მისი განცხადებით, კომიტეტის ძირითად საორიენტაციო სფეროს პარლამენტის რეგლამენტი, მისი ცვლილებების მომზადების პროცესი და საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობა წარმოადგენს.
მისივე ინფორმაციით, კომიტეტი, თავისი საქმიანობის ფარგლებში, ასევე შეისწავლის პარლამენტის წევრის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრას, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილ ხელმოწერებს და ლობისტების რეგისტრაციის საკითხს.
გიორგი კახიანმა საპარლამენტო მოდელის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოს მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის საზედამხედველო ფუნქციაზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით ყურადღება საკონსტიტუციო ცვლილებების ახალ ნორმებზე და მიდგომებზე გაამახვილა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0