თბილისის საკრებულოს შენობასთან განვითარებული მოვლენების გამო, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების პროტესტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძემ, ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს, საკრებულოს გადაწყვეტილება სამართლებრივად განუმარტა.
„სამართლებრივ საკითხს რაც შეეხება. მე მქონდა ბიუროს სხდომამდე საუბარი საკრებულოს ხელმძღვანელობასთან პარლამენტის წევრების შენობაში არდაშვებასთან დაკავშირებით, საკითხი განიმარტა მათი მხრიდან შემდეგი სახით: მართალია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს პარლამენტის წევრთა შესაძლებლობას, რომ მათ სათათბირო ხმის უფლებით მიიღონ მონაწილეობა საკრებულოს სხდომაში, თუმცა საკრებულოს ხელმძღვანელობის განმარტებით, მათი პოზიციის თანახმად და მათი სამართლებრივი განმარტების თანახმად, რეგლამენტის ეს ნორმა ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, კერძოდ: კონსტიტუციის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფოს კომპეტენციები არის გამიჯნული, საქართველოს კონსტიტუცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს თვითმმართველობის საკითხებში სახელმწიფოს წარმომადგენლების ჩარევის მხოლოდ ორ ფორმას.
ეს არის სახელმწიფო ზედამხედველობა და ეს არის სახელმწიფო აუდიტი. და მესამე არის, რა თქმა უნდა, საკრებულოს დათხოვნა, რასაც ითვალისწინებს კონსტიტუცია უკიდურეს შემთხვევაში. არცერთ სხვა ფორმას სახელმწიფოს პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩარევის არც კონსტიტუცია, არც ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია და არც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, საკრებულოს ხელმძღვანელობის პოზიცია იყო ის, რომ მოქმედი რეგლამენტი ეწინააღმდეგება როგორც თვითმმართველობის კოდექსს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას და კონსტიტუციას, ამ საფუძვლით მათ გამართლებულად მიაჩნდათ დეპუტატების არდაშვება საკრებულოს სხდომათა დარბაზში და ზოგადად, თვითმმართველობის შენობაში. მე გავიხსენებ ერთ რამეს.
2008 წელს ვმუშაობდი ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტად და მაშინ ჩვენი მხრიდან იყო ინიცირებული რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომლის მიზანი იყო რეგლამენტის შესაბამისობაში მოყვანა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობასთან. ერთ-ერთი ცვლილება, რასაც ითვალისწინებდა ეს პროექტი გულისხმობდა სწორედ იმას, რომ პარლამენტის წევრებს არ ჰქონოდათ სათათბირო ხმის უფლებით საკრებულოს სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა, მიზანი იყო კომპეტენციების მკაფიო გამიჯვნა თვითმმართველობასა და სახელმწიფო ხელისუფლებას შორის. მაშინდელი მმართველი გუნდი წავიდა ამის წინააღმდეგი და ამის მოთავენი იყვნენ მაჟორიტარები. მაჟორიტარები მაშინ გახსოვთ, სრულიად სხვა პრაქტიკით მოქმედებდნენ. ისინი უხეშად და პირდაპირ ერეოდნენ თვითმმართველობის საქმიანობაში, და მათ პირდაპირ ინტერესებში იყო ასეთი ნორმის არსებობა პარლამენტის რეგლამენტში და ამ ნორმას ისინი ძალიან „კარგად“ იყენებდნენ, ბრჭყალებში კარგად იმისათვის, რომ უხეშად ჩარეულიყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. ელემენტარული პრინციპების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, კონსტიტუციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის პრინციპების თანახმად, უნდა იყოს მკაფიოდ გამიჯნული სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციები, რაც გულისხმობს იმას, რომ არსებობს ორად ორი ფორმა იმისათვის, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი, მათ შორის, დეპუტატი ჩაერიოს თვითმმართველობის საქმიანობაში, ეს არის სახელმწიფო ზედამხედველობა და ეს არის სახელმწიფო აუდიტი. ერთიც და მეორეც არის მკაფიოდ მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, სწორედ კონსტიტუციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის სულისკვეთების შესაბამისად. ეს იყო სამართლებრივი განმარტება, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ საკრებულოს ხელმძღვანელობისგან, ეს არის, რა თქმა უნდა, სამართლებრივი საკითხი, რომელზეც დამატებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მითითება გაკეთდა სწორედ უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპზე, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი, ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ არ დაუშვეს დეპუტატები საკრებულოს შენობაში, და მათ შორის, ერთ-ერთი საფუძველი იყო მათი განმარტებით, წინა პრაქტიკა, წინა სხდომაზე მომხდარი ინციდენტი, როცა არ მიეცა საკრებულოს სხდომის სათანადოდ გამართვის საშუალება, და უფრო მეტიც, იქ გაისმა მუქარა იმასთან დაკავშირებით, რომ სხდომას არ ჩაატარებინებდნენ საკრებულოს და არ მისცემდნენ იმის საშუალებას, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო საბოლოოდ მიღებული. ეს არის წინა ისტორია, ეს არის სამართლებრივი განმარტება და ეს მოდის საკრებულოს ხელმძღვანელობის მხრიდან.
მე კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, 2008 წელს გახლდით თვითმმართველობის ექსპერტი. წარვადგენდი მაშინ რეგლამენტში ცვლილებებს, რომელსაც არ დაეთანხმა მაშინდელი ხელისუფლება. მაშინ მაჟორიტარებს სურდათ უხეშად ჩარევა თვითმმართველობის საქმიანობაში და ეს გახლდათ მიზეზი იმის, რომ მაშინ რეგლამენტში ცვლილება არ გავიდა, უხეში შეცდომა იყო რეგლამენტში დაშვებული, საუბარია რაზე, რომ დეპუტატი საკუთარი საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელებისათვის შეიძლება დაესწროს თვითმმართველობის სხდომას. გამოდის ისე, რომ შეუძლია დეპუტატს აკონტროლოს თვითმმართველობის საქმიანობა. ეს პირდაპირ და უხეშად ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და თვითმმართველობებს შორის კომპეტენციების გამიჯვნის პრინციპს, რაც არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, კონსტიტუციისა და თვითმმართველობის ქარტიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი. მაშინ მე როგორც ექსპერტი, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვიყავი ინიციატორი იმისა, რომ ეს ჩანაწერი ყოფილიყო ამოღებული, ზუსტად ამ ჩანაწერის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაზე მიგვითითებს ახლა საკრებულოს შესაბამისი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი. მე, გამომდინარე იქიდან, რომ თავის დროზე როგორც ექსპერტი ვუჭერდი მხარს ამ მოსაზრებას, რომ ნორმა წინააღმდეგობაში თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან. მაშინ ეს ჯერ კიდევ არ იყო კონსტიტუციით გარანტირებული, ბუნებრივია, დღესაც ჩემი ექსპერტული გამოცდილებიდან გამომდინარე, მხარს ვუჭერ იგივე მოსაზრებას. ეს არის ჩემი პოზიცია. შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით დამატებით ვიმსჯელოთ.“
უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპი, არის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი
10/10/2017