თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მკვლელობის მცდელობისთვის, ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ბრალდებული მ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე, 111-120-ე და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 13 თებერვალს, დღის საათებში, ქ. თბილისში, მ.გ.- მ განზრახ მოკვლის მიზნით, ყოფილი მეუღლის ნ.გ.-ს ქმარს ზ.მ.-ს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ მ.გ.-მ 2016 წლის 3 ივნისს ყოფილი მეუღლის მიმართ განახორციელა ძალადობა და ხელჯოხით სცემა, შემდეგ კი ნ.გ.-ს მეგობრის ავტომანქანა დააზიანა. მ.გ.-ს ქმედებით ნ.გ.-მ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა მ.გ. 2017 წლის 14 თებერვალს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე (მკვლელობის მცდელობა), 111-120-ე (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.გ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლომ მკვლელობის მცდელობისთვის და ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
06/10/2017