ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით

04/10/2017

„ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, ერთი მხრივ, ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცებისთვის, მეორე მხრივ, კი გვაქვს უდიდესი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის. სწორედ ამ მიმართულებებით არის მნიშვნელოვანი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაცია-ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობა.“-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ. ფილადელფიაში, პენსილვანიის უნივერსიტეტის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ბაიდენის ცენტრში, სადაც 3 ოქტომბერს ცენტრის სადისკუსიო პანელი გაიმართა. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდა საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე. სახელმწიფო მინისტრმა სიტყვთ გამოსვლისას მოკლედ მიმოიხილა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის ძირითადი ასპექტები და მოლოდინები. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონში რუსეთის ანექსიურ პოლიტიკასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. სიტყვით გამოსვლის შემდეგ ვიქტორ დოლიძემ და დავით ბაქრაძემ დისკუსიის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0