ლევან ხარატიშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიაში, ქალაქ ლუკაში იმყოფება

30/09/2017

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიაში, ქალაქ ლუკაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში ლევან ხარატიშვილმა, საქართველოს სახელით, მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების (Cultural Routes) შესახებ გამართულ მე-7 საკონსულტაციო ფორუმში, სადაც სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა სამინისტროს ინიციატივით განხორციელებულ ღონისძიებებზე – საქართველოს მონაწილეობისთვის ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამაში.
ფორუმის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ სამინისტროს აქტიური ჩართულობით, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.
ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის კოორდინატორი ორგანიზაცია საქართველოში უკვე გახდა „ისრაელის სახლი საქართველოში“; ღვინის ტურიზმის ასოციაცია ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად გააფორმებს თანამშრომლობის მემორანდუმს „ღვინის მარშრუტის“ (Iter Vitis) ასოციაციასთან; იმერეთის რეგიონი (წყალტუბო, საირმე) გახდა ისტორიული თერმული ქალაქების ევროპული მარშრუტის ასოცირებული წევრი; შედგა არაერთი შეხვედრა გუბერნიებთან, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან და ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამით დაინტერესებულ მხარეებთან; მიმდინარეობს ვებ-გვერდის: www.culturalroutes.gov.ge შექმნაზე მუშაობა, ასევე იგეგმება მობილური აპლიკაციის გაკეთება; საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, განხორციელდა ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო წიგნის “Cultural Routes Management: from theory to practice” თარგმნა, რომელიც მალევე გამოიცემა ქართულ ენაზე; განისაზღვრა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ეროვნული კოორდინატორი და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი; ჩამოყალიბდა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებული საქართველოს კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერთიფიცირების საბჭო.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ფორუმზე აღინიშნება ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის 30 წლის იუბილე.
2016 წლის 9 აგვისტოს საქართველო გახდა კულტურული მარშრუტების (Cultural Routes) შესახებ ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების 27-ე წევრი სახელმწიფო. კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმება (Enlarged Partial Agreement EPA) ძალაში შევიდა 2010 წელს და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს კულტურის სფეროში თანამშრომლობა და ტურისტული გამოცდილების გაზიარება, მიმართულია ნაკლებად ცნობილი ტურისტული დანიშნულების ადგილების აღმოჩენისკენ. აღნიშნულ შეთანხმებაში მონაწილეობით საქართველოს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა მიუერთდეს ევროპის საბჭოს არსებულ კულტურულ მარშრუტებს (ევროპის საბჭოს 32 სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტი – http://culture-routes.net/cultural-routes/list), რაც მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში კულტურული ტურიზმის მდგრად განვითარებას, მისი ეკონომიკური სარგებლიანობის და პოტენციალის წარმოჩენას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0