აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ყინულის სასახლეში მე-7 საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა „Agro Batumi 2017” გახსნა. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დღეს გამოფენის გახსნაზე ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და ბათუმში მოქმედი საკონსულოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ წარმოდგენილ პროდუქციას და ღონისძების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „ასეთი ღონისძიებების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. ბათუმში ეს გამოფენა უკვე მეშვიდედ ტარდება და ყოველწლიურად იზრდება მისი მასშტაბები. დღეს აქ 10-მდე ქვეყანაა წარმოდგენილი, რაც ხელს უწყობს ჩვენს ფერმერებს და კომპანიებს მეტი კონტაქტისა და საქმიანი ურთიერთობის დამყარებაში,“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილე კომპანიები საკუთარ პროდუქციას ფართომომხმარებელს გააცნობენ და რეკლამირებასაც გაუწევენ. მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაამყარონ ახალი კონტაქტები და გააფორმონ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენაში წელს როგორც ადგილობრივი, ასევე თურქული, ირანული და უკრაინული კომპანიები მონაწილეობენ. „Agro Batumi 2017” აჭარის ა.რ. მთავრობის, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის, ა (ა) იპ აგროსერვის ცენტრის, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თანაორგანიზატორობითა და მხარდაჭერით იმართება. ბათუმის ყინულის სასახლე საერთაშორისო გამოფენას სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.
ზურაბ პატარაძემ “AGRO BATUMI 2017” გახსნა
29/09/2017