ახალციხეში მეფუტკრეობის კოოპერატივებს სკები გადაეცათ

28/09/2017

„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 6 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 190 სკა, 6 კოოპერატივს 55 ათასი ლიტრის თაფლის შესანახი ავზები, 6 ერთეული თაფლის საწური (ციბრუტი), ხოლო 5 კოოპერატივს 5 ერთეული ფიჭის ასათლელი დანა გადაეცა. სკების გადაცემას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და წარმოებული თაფლის მიკვლევადობის უზრუნველყოფა. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე შეხვდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0