პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, კორინ იონკერს შეხვდა.
ეკა ბესელიამ სტუმარს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწვევას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნასთან დაკავშირებით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ძალიან სწრაფად გამოეხმაურა და აქტიურად ჩაერთო პროცესში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესი იყოს რაც შეიძლება ღია და გამჭვირვალე, ასევე, საარჩევნო გარემო ყველა მონაწილისთვის იყოს თანაბარი და თავისუფალი ყოველგვარი ზეწოლისა და ძალადობისგან.
„ჩვენ ვართ ღია იმისთვის, რომ, საარჩევნო პერიოდში რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი აკვირდებოდეს ამ პროცესს და ეუთო-ს მისიას ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, კორინ იონკერის განცხადებით, მათთვის დიდი პატივია საქართველოში იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის მოწვევით.
„ორი კვირაა, რაც საქართველოში ვიმყოფებით და ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების, ეუთო-ს სტანდარტებისა და ასევე, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ არჩევნებს საქართველოში“,-აღნიშნა კორინ იონკერმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონსტიტუციურ რეფორმას ემთხვევა, რომლის ფარგლებშიც ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაშიც შევა, თუმცა აღნიშნული ცვლილებები 21 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს არ შეეხება. ეკა ბესელიამ კორინ იონკერს დეტალურად გააცნო ის ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო კოდექსში საკონსტიტუციო რეფორმის დასრულების შემდეგ შევა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საარჩევნო კანონმდებლობაში უკვე განხორციელებულ ცვლილებებზე ესაუბრა, რომელთა ნაწილი ვენეციის კომისიისა და ეუთო-ს რეკომენდაციების საფუძველზე იქნა მიღებული.
„ჩვენი მიზანია, რომ არც ერთი ცვლილება არ იყოს ისეთი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში არ იქნება“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
25/09/2017