ვახტანგ მახარობლიშვილმა სერბეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

22/09/2017

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ სერბეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟარკო ობრადოვიჩი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე დუბრავკა ფილიპოვსკი და მეგობრობის ჯგუფის წევრები.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებმაც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიური ხასიათი მიიღო. მინისტრის მოადგილე მიესალმა სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის პირველად ჩამოყალიბებას და მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს თავის საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სერბეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურების აუცილებლობაზე. ამ კუთხით, ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა კავშირების გაღრმავების მიზნით დაგეგმილ სხვადასხვა ვიზიტსა და ღონისძიებაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალს და მისი გაღრმავების აუცილებლობას.
მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან ურთიერთობებზე და აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყნის საბოლოო მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ქართული მხარის მოლოდინები ნოემბერში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა სერბეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და თავის მხრივ, დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საპარლამენტო დელეგაციას საქართველოში სტუმრობისთვის და ვიზიტის წარმატებით განხორციელება უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0