ვიქტორ დოლიძე დანიის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტს ეწვია

22/09/2017

საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში და ინტეგრაციის პროცესი, ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადება და მოლოდინები, განხორციელებული დახმარების პროგრამები, სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეები, აგრეთვე, რუსეთის ანექსიური პოლიტიკის კონტექსტში რეგიონში არსებულ ვითარება – აღნიშნულ თემებზე ისაუბრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ დანიის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტში (DIIS) მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე. ღონისძიება 22 სექტემბერს, ქ. კოპენჰაგენში, დანიის სამეფოში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაში ანალიტიკური მკვლევარები და ინსტიტუტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. მკვლევარები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ხედვითა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით საქართველოს სამოქმედო გეგმით დაინტერესდნენ. სახელმწიფო მინისტრმა ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა, ასევე, დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივებსა და დაგეგმილ რეფორმებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0