იუსტიციის სამინისტროს ხორვატიის დელეგაცია ესტუმრა

19/09/2017

იუსტიციის სამინისტროს ხორვატიის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაცია, რომელსაც ხორვატიის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ტურკალი ხელმძღვანელობს, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ მიიღო. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები გოჩა ლორთქიფანიძე და მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდნენ.
მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმრებს ის რეფორმები გააცნო, რომლებიც ქვეყანაში ევროკავშირთან დაახლოებისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისთვის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხორციელდება.
როგორც ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობისა და იუსტიციის სისტემის მუშაობის წარმატებას ადასტურებს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე. „ამბიციური რეფორმების მიზანი, რომლებიც 2012 წლიდან ხორციელდება, მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერება, ღია და გამჭვირვალე მმართველობის სისტემის დანერგვაა“, − აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ. მან იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმებზე − სასამართლო სისტემის ფარგლებში სპეციალიზებულ კომერციულ და საგადასახადო პალატების შექმნაზეც ისაუბრა.
შეხვედრაზე იუსტიციის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ იმსჯელეს, რომელიც საქართველოსა და ხორვატიის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმდება.
ვიზიტის ფარგლებში ხორვატიის დელეგაცია იუსტიციის სახლსაც ესტუმრა და სახელმწიფო და კერძო სექტორების სერვისების გაცემის სპეციფიკას გაეცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0