ბოლნისში ახალი შემნახველი მეურნეობა გაიხსნა

16/09/2017

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემნახველი საწარმო – შპს „მზიანი მოსავალი“, რომელიც „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა, დღეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მამუკა კვარაცხელიამ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე მეტრეველთან ერთად გახსნა. აღნიშნული საწარმო „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. „მზიანი მოსავალის“ შემნახველ მეურნეობაში წლიურად ერთდროულად 2000 ტონა სხვადასხვა ბოსტნეულის კულტურის განთავსება იქნება შესაძლებელი. საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული. კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 660 388 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 330 194 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტის HACCP აღებასაც გეგმავს. საერთაშორისო სტანდარტის საერთო ღირებულებიდან 30% ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს, 50%-ის დაფინანსებას USAID/REAP მოახდენს, ხოლო დარჩენილი 20%-ის გადახდას ბენეფიციარი თავად უზრუნველყოფს. 2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აწარმოე საქართველო – ბიზნესის ფარგლებში ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0