გიორგი ღიბრაძემ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

14/09/2017

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი ღიბრაძემ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ღიბრაძემ “მდგრადი მომავალის“ თემატური სესიის მსვლელობისას, საქართველოში უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიის განხორციელების შესახებ ისაუბრა.
ასევე, ყურადღება გაამახვილა სამომავლო ღონისძიებებზე, რაც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში კატასტროფის რისკის შემცირების ადგილობრივი სისტემების დანერგვას და განვითარებას ითვალისწინებს.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი თბილისის მერიის ორგანიზებით 13-14 სექტემბერს იმართება და მასში 22 ქვეყნიდან 100-მდე მომხსენებელი მონაწილეობს.
ღონისძიების ფარგლებში 16 თემატური სესია გაიმართება, მათ შორის: მდგრადი მომავალი, ეფექტური მმართველობა, ქალაქები ეკონომიკური ზრდისათვის, ურბანული მედეგობა, გონიერი გარემო, ინტეგრირებული მიდგომები ტერიტორიული განვითარებისათვის, ღია მმართველობის თანამშრომლობა და სხვა.
ფორუმის შედეგად თბილისის მერია მიიღებს რეკომენდაციებს, კონსულტაციებსა და კონკრეტულ პროექტებს ქალაქის განვითარებისათვის როგორც ეკონომიკური, ასევე ურბანული და გარემოს განვითარების მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0