ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად განხორციელებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, ბაკურიანის სატყეო უბნის მაჭარწყლის სატყეოს ტერიტორიაზე, უკანონო სახერხი დანადგარი აღმოაჩინეს.
ტერიტორიაზე განთავსებული იყო ე.წ. ლენტური ტიპის ხერხი, გენერატორი, ბენზოხერხი და სახერხი დანადგარის ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო ინვენტარი. ადგილზე ნაპოვნია წიწვოვანი სახეობის 8.6 მ3 მორი და 11.55 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.
სახერხი დანადგარი და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქული და გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.
აღნიშნული უწყებები აგრძელებენ გამკაცრებული ერთობლივი ოპერატიული ღონისძიებების განხორციელებას, 24 საათიან პატრულირებასა და ხე-ტყის წარმოშობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შემოწმებას, სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.
ბაკურიანის სატყეო უბნის მაჭარწყლის სატყეოს ტერიტორიაზე, უკანონო სახერხი დანადგარი აღმოაჩინეს
13/09/2017