იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ინვაზიური მავნებლის – აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მეთოდების შესამუშავებლად, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ბაღდათის, ხონის, წყალტუბოს, სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტების გამგებლები, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა მავნებელთან ბრძოლის გეგმა დასახეს, რომელიც შემდეგ პუნქტებს მოიცავს: 1. სოფლის რწმუნებულების გადამზადება; 2. მოსახლეობისთვის საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება; 3. მოსახლეობისთვის აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად საჭირო სპეციალური შხამ–ქიმიკატების გადაცემა; 4. დაზიანებული ფართობების შეწამვლა სპეც ტექნიკის მეშვეობით. აღნიშნული ღონისძიებების გატარება მომავალი კვირიდან დაიწყება. იმერეთის რეგიონში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბს იოსებ ხახალეიშვილი ხელმძღვანელობს.
იმერეთის რეგიონში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
12/09/2017