ვაჟა ჩოხელმა თვალივში მიმდინარე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მოინახულა

24/08/2017

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა, მცხეთა მთიანეთის გუბერნატორ ლევან ზაუტაშვილთან ერთად ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ თვალივში მიმდინარე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მოინახულა, სადაც ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები.
საზოგადოებისთვის ცნობილია რომ ფშავში ხანძარი 23 აგვისტოს გაჩნდა, რომლის კერების ლოკალიზაციაც იმ დღესვე მოხდა, თუმცა ღამის პირობებში ცეცხლის საბოლოო ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა, ხოლო 24 აგვისტოს გამთენიიდან განახლდა სამაშველო საქმიანობა და ბუნებრივი პირობების ხელშეწყობით სამუშაოები ეფექტიანად წარიმართა. პროცესში ჩაერთო MI 8T ტიპის ვერტმფრენი, რომლის საშუალებითაც ლოკალიზებულ კერებზე ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობს. არსებული მონაცემებით დამწვარი მიწის ფართობი 2 ჰექტრამდეა.
პროცესში ჩართულია კერძო კომპანიის კუთვნილი ვერტმფრენი , რომლისთვისაც 10 ტონა საწვავი კომპანია ”სოკარ პეტროლიუმმა” უსასყიდლოდ გამოყო. ვერტმფრენი ამ დროისთვისაც აგრძელებს მუშაობას. ტერიტორიის 80%-ზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ვერტმფრენის მიერ ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ, სატყეო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები მიწის დამუშავებას დაიწყებენ.
რაც შეეხება ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ანდაქის ხეობაში 22 აგვისტოს გაჩენილ ხანძარს, ამ ტერიტორიაზე რამდენიმე მცირე კერაა დარჩენილი და მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები. პროცესში დუშეთის მუნიციპალიტეტის მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები, სასაზღვროსა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოს წარმომადგენლები. ანდაქის ხეობაში ხანძარი 22 აგვისტოს თავდაპირველად სოფელ ბახაოში, მეცხვარის სახლს მოედო და შემდგომ საძოვრებზე და ფოთლოვანი ტყის ნაწილზე გავრცელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0