სტიქიამ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს 405 000 ლარის ზარალი მიაყენა

24/08/2017

23 აგვისტოს მომხდარი ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სტიქიამ პრობლემები შექმნა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნატანებსა და დაბა ურეკში დაზიანებულია 19 საცხოვრებელი სახლის სახურავი, რომელიც აღდგენას საჭიროებს. ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ღრმაღელესა და სუფსაში 14 საცხოვრებელი სახლის სახურავია დაზიანებული. ასევე დაზიანებულია შიდა გზები. ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული არ არის.
“სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. გაწმენდილია ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება. ჯამში, სულ ოზურგეთში (ურეკი, ნატანები) და ლანჩხუთში (ღრმაღელე, სუფსა) დაზიანდა 33 საცხოვრებელი სახლის სახურავი.
ზარალის ოდენობამ ორივე მუნიციპალიტეტში შეადგინა 405 000 ლარი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მუნიციპალურ და სამაშველო სამსახურს ოპერატიული რეაგირებისა და გაწეული დახმარებისთვის,“- განაცხადა გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ.
ზარალის საბოლოო მონაცემები დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0