უკრაინაში, ქ. კიევში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეხუთე სამიტისთვის უკრაინა-საქართველო-მოლდოვას სამმხრივი მოსამზადებელი კონსულტაციები გაიმართა. კონსულტაციებში ქართული მხარიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, უკრაინის მხარიდან საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, ხოლო მოლდოვას მხარიდან – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დანიელა მორარი მონაწილეობდნენ. შეხვედრის მიზანი იყო 2017 წლის ბრიუსელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის პოზიციების შეჯერება და ერთობლივი დოკუმენტის შემუშავება. მხარეები შეთანხმდნენ როგორც პოლიტიკურ, ასევე ტექნიკურ საკითხებზე. მათ შორის: სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში დაფიქსირდეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ასოცირებული ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნებისთვის, როგორც ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის მქონე პარტნიორებისთვის, ევროკავშირმა შეიმუშავოს დახმარების ახალი ინსტრუმენტი, რომელსაც ექნება დახმარების განხორციელების უფრო ფართო, სწრაფი და მოქნილი შესაძლებლობები; გაძლიერდეს ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე თანამშრომლობა, გაღრმავდეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა და სხვა.
შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული ქვეყნების მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები და ამ მხრივ არსებული გამოწვევები. ხაზი გაესვა აღნიშნულ საკითხებზე გამოცდილების სისტემატურად ურთიერთგაზიარების აუცილებლობას და პრობლემატური საკითხების მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კონსოლიდირებული პოზიციებისა და ქმედებების აუცილებლობას, კერძოდ, ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებში.
უკრაინა-საქართველო-მოლდოვას სამმხრივი მოსამზადებელი კონსულტაციები გაიმართა
23/08/2017