ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა

21/08/2017

ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 2,932.8 ათასი ლარით. მათ შორის, სპეციალური ტრანსფერი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან – 207.7 ათასი ლარით, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხას “ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის“ (III-IV ფაზები) პროექტის ფარგლებში შესყიდული საქონლისა და მომსახურების დღგ-ის 50% გადახდის მიზნით. გარდა ამისა, სპეციალური ტრანსფერი გამოიყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 1,975.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილ თანხას. ბიუჯეტის სხვა შემოსავლები იზრდება 750,1 ათასი ლარით. კერძოდ, მიმდინარე წლის განვლილი პერიოდის ფაქტიური შესრულების გათვალისწინებით პროცენტების წლიური გეგმა იზრდება 207.1 ათასი ლარით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის წლიური გეგმა – 343.0 ათასი ლარით, სანქციების (ჯარიმები და საურავები) – 200.0 ათასი ლარით.
ბიუჯეტის გადასახდელებში ასახული იქნა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერების ფარგლებში განსახორციელებელი კაპიტალური პროექტები, ასევე საკუთარი შემოსავლების ხარჯზე დამატებით იქნა გათვალისწინებული რიგი ინფრასტრუქტურული, სპორტული, კულტურული და სოციალური ხასიათის ღონისძიებების დაფინანსება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0