საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, კონკურსი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ გამოცხადდა

18/08/2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ორგანიზაცია განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტთან (EARI) ერთად დღეს მედიისთვის კონკურსი გამოაცხადა. პროექტი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება.
გიორგი აბაშიშვილის თქმით : „პროექტი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელსაც პრეზიდენტმა დაუჭირა მხარი. საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, მათ შორის საკონსტიტუციო საკითხებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თითოეულ თქვენგანზე, ჟურნალისტებზე და შესაბამისად ძალიან საინტერესოა სწორედ ის, თუ როგორ ხდება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, როგორია სხვადასხვა ტიპის სიუჟეტები, მისი შინაარსიდან გამომდინარე, როგორც სატელევიზიო ნაწილში, ისე რადიო, ბეჭდურ, მათ შორის ელექტრონული მედიის ნაწილში და ყევლაზე მეტად მნიშვნელოვანი რაც არის, ამ ყველაფერს შეაფასებს ძალიან კვალიფიციური ჟიური, კონსტიტუციონალისტების და ჟურნალისტების შემადგენლობით, “ – განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.
პროექტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასაშუალებებში გავრცელებული ჟურნალისტური ნაშრომების კონკურსს ითვალისწინებს. 5 წევრისგან შემდგარი ჟიური 2017 წელს გამოქვეყნებული მასალებიდან საუკეთესოებს გამოავლენს (I და II ადგილები) შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი, საუკეთესო რადიო სიუჟეტი, საუკეთესო ელექტრონული ნაშრომი, საუკეთესო საგაზეთო ნაშრომი.
პროექტის ბოლოს გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულებს პრეზიდენტი დაასახელებს. გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. კონკურსის სხვა მონაწილეებს გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები.
ჟიურისთვის წინასწარ განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმებია: საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის სიღრმისეულად გაშუქება; საკითხის ობიექტურად გაშუქება, გადმოცემის სიმარტივე, საკითხზე ჟურნალისტის კომპეტენტურობა.
ჟურნალისტებმა საკონკურსო ნამუშევრები უნდა გააგზავნონ 18 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე: instituteeari@gmail.com
ჟიურის შემადგენლობა: თამარ ჩიქოვანი, ზვიად ქორიძე, ლუბა ელიაშვილი, კონსტანტინე ჩოკორაია, ლევან ალაფიშვილი

Tweet about this on TwitterShare on Facebook0