კულტურის სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტზე მუშაობა დაასრულა,ამა წლის აგვისტოში კი ხაშურის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით შენობის რეაბილიტაცია დაიწყო.
ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ლიტერატორისა და მთარგმნელის, ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშხეთში მდებარეობს.
ნაგებობა, რომელიც XIX საუკუნის 60-იანი წლებით თარიღდება, თავდაპირველად დიმიტრი ყიფიანის სააგარაკო სახლს წარმოადგენდა, სადაც ის სტავროპოლში გადასახლებამდე ცხოვრობდა,ამჟამად შენობაში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმია განთავსებული, რომელიც 1990 წელს დაარსდა. აქ მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალა, გამოცემები, ხელნაწერები, წერილები, ფოტოები, აგრეთვე ყოფის ამსახველი და ეთნოგრაფიული ნივთები ინახება.
ნაგებობა ჩვენამდე პირვანდელი სახით არ არის შემორჩენილი. მწერალთა კავშირისთვის გადაცემის შემდეგ, ის ძლიერ შეიცვალა. გადაკეთდა როგორც ფასადები ასევე ინტერიერი. მიუხედავად ამისა თავდაპირველი შენობის კონტურის გარჩევა მაინც შესაძლებელია.
შენობის ფიზიკური მდგომარეობა ძალიან ცუდია. განვითარებულია სხვადასხვა სახის დაზიანებები, რაც მის კონსტრუქციულ მდგრადობაზე უარყოფითად მოქმედებს.
სახლ-მუზეუმის შენობის არქიტექტურა მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა. მის მთავარ დასაცავ ფასეულობას წარმოადგენს თავდაპირველი გეგმარება, ხის ჭვირული აივნები, ბუხრები და განჯინები. ასევე სალოცავი ოთახი, რომელიც უნიკალურია. ეზოში განთავსებულია რვაკუთხა აუზი, რომელიც, როგორც გადმოცემით ვიცით, დიმიტრის მოთხოვნით აუგიათ. მისი რვაკუთხა ფორმა სიმბოლურია და უსასრულობის ნიშანთან ასოცირდება.
დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო
16/08/2017