გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ შეხვედრა გამართა პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან მიროსლავ იენჩასთან.
კახა იმნაძემ გენერალური მდივნის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას.
შეშფოთება გამოითქვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების, ასევე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვისა და საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის გამო, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მოსახლეობის გადაადგილების უფლებას. შეხვედრისას აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა. ხაზი გაესვა, რომ მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიების განხორციელების აუცილებლობას.
პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილეს
11/08/2017