საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრისას გმირობა გამოიჩინეს და უმოკლეს ვადაში, ურთულეს რელიეფზე ძალიან რთული სამუშაო შეასრულეს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მეხანძრეებმა შეუძლებელი შეძლეს, რის შედეგადაც, სულ რამდენიმე საათში მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა.
„ჩვენ ავიცილეთ ცეცხლის გავრცელება საცხოვრებელ მასივებზე, რაც ვფიქრობთ, მართლაც გამორჩეული გმირობის შედეგია. ბატონო გიორგი, მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და მაშველებს, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანების გმირობა არავისთვის დარჩა შეუმჩნეველი”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს.
მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომლებმაც ძალიან დიდი სამოქალაქო გმირობა გამოიჩინეს და სტიქიას მაშველებთან ერთად ებრძოდნენ.
„ჩვენ ნამდვილად გვახასიათებს ასეთ მომენტებში ასეთი კონსოლიდაცია და ეს მართლაც გამორჩეული თვისებაა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ცეცხლის ჩაქრობაში ერთი დღის წინ თბილისში”, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ზღვისპირეთსა და პლაჟებზე მაშველების მიერ ბოლო პერიოდში ასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გამართული ფუნქციონირება.
„თითქოს ყოველდღიურ რუტინად იქცა 5-10 ადამიანის გადარჩენა და უკვე 100-ზე მეტია მაშველების მიერ გადარჩენილ ადამიანთა რიცხვი. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ამ სტრუქტურის გამართულ მუშაობას და იმ ადამიანების გმირობას, რომლებიც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნავენ. ვფიქრობთ, ეს სტრუქტურა არის რა თქმა უნდა კიდევ უფრო გასაძლიერებელი. ჩვენს ქვეყანაში ტურისტების რიცხვის მატებასთან ერთად, გამოწვევებიც იზრდება და ჩვენ კიდევ უფრო სერიოზულად უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო სტრუქტურის მუშაობა ამ გაზრდილი გამოწვევების პირობებში, რაც ვფიქრობთ, აუცილებელი იქნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამ ადამიანების გმირობა არავისთვის დარჩა შეუმჩნეველი
10/08/2017