ტყვიით დაბინძურებული სანელებლის ოთხივე ნიმუში ზუგდიდშია აღმოჩენილი

25/07/2017

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი განცხადებას აქვეყნებს:
“ვინაიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) არ გამოაქვეყნა სუნელებისა და სხვა პროდუქტების ტყვიის შემცველობაზე შემოწმების დეტალური შედეგები, ეს მონაცემები გამოვითხოვეთ სეს-იდან და ჩვენ ვაქვეყნებთ. იხილეთ სეს-ის მიერ 2015-2017 წლებში ტყვიის შემცველობაზე შემოწმებული იმ დასახელების სუნელების სია, რომლებიც ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დეპარტამენტის გაფრთხილებაში იყო შეტანილი.
მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2017 წელს ტყვიით დაბინძურებული ოთხივე ნიმუში ზუგდიდშია აღმოჩენილი და იდენტიფიცირებულია, რომ ერთ-ერთი პროდუქტი იმპორტირებულია.
სავარაუდოდ, 2017 წელს საზოგადოების მხრიდან საკითხისადმი გამოხატული დიდი ინტერესის შედეგია, რომ სუნელების გაცილებით მეტი ნიმუში შემოწმდა, ვიდრე წინა წლებში, მიუხედავად იმისა, რომ სეს-მა ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დეპარტამენტის გაფრთხილება ქართულ სუნელებში ტყვიის გადაჭარბებული ოდენობის შემცველობის შესახებ 2015 წელს მიიღო.
გარდა ამისა, ვაქვეყნებთ იმ პროდუქტების სიას, რომლებშიც 2012-2017 წლებში სეს-მა ტყვიის გადამეტებული ოდენობა აღმოაჩინა.
როგორც ამ სიიდან ჩანს, ტყვიის გადამეტებული ოდენობა, უმეტესად, ადგილობრივი საქონლის ხორცში და ადგილობრივი წარმოშობის სხვა სურსათშია (მათ შორის, სასმელ წყალში) აღმოჩენილი. ეს, სავარაუდოდ, გარემოს ტყვიით დაბინძურების შედეგია.
სიაში მითითებულია, რომ შემთხვევების უმეტესობასთან დაკავშირებით შეტყობინება გაიგზავნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში და სამინისტროდან მიღებული პასუხის მიხედვით, სამინისტრო შესაბამის მუნიციპალიტეტებში ნიადაგისა და ზედაპირული წყლის კვლევას ახორციელებს. თუმცა, დაბინძურების მიზეზების შესახებ არაფერია აღნიშნული.
აუცილებელია, რომ დაბინძურების ყველა შემთხვევის მიზეზები იქნას გამოკვლეული და შესაბამისი ზომები იქნას მიღებული მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დასაცავად.
ჩვენ მივმართეთ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ფინანსთა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ტყვიით დაბინძურების ყველა შემთხვევის მიზეზების კვლევის შედეგების მისაღებად და ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას მომავალშიც გამოვაქვეყნებთ.
(სიები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე http://momxmarebeli.ge)

Tweet about this on TwitterShare on Facebook0