ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტზე მუშაობას აგრძელებს

21/07/2017

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, დღეს შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
კომიტეტის წევრთან, დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად დღეს კანონპროექტის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრის მიზანია, მეორე მოსმენისთვის შეჯერებული იყოს ყველა იმ ორგანიზაციის წარმომადგენლების მოსაზრება, რომელიც მიღებული კანონის იმპლემენტაციის მონიტორინგზე პასუხისმგებელი იქნება.
დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მძიმე, მავნე და საშიში შრომის პირობების ნუსხაზე.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიას განცხადებით, ნუსხა მომზადდა დეპარტამენტის მიერ მოქმედი დადგენილებების საფუძველზე და იმ სტატისტიკის გათვალისწინებით, რომელიც დღეს საფრთხის შემცველი სამუშაო პირობების მხრივ არსებობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0