სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი თამაზ ინალიშვილი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თამაზ ინალიშვილი საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა თავისი ნაცნობის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლის მეშვეობით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის 3 წლის ვადით გადავადებას, რის სანაცვლოდაც 1000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.
მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს თამაზ ინალიშვილმა აღნიშნულ მოქალაქეს გამოართვა მოთხოვნილი თანხა 1000 აშშ დოლარის ოდენობით და განუმარტა, რომ უმოკლეს ვადაში გადასცემდა სამხედრო – სააღრიცხვო მოწმობას, რომელშიც იქნებოდა სავალდებულო სამსახურის გადავადების შესახებ შესაბამისი მონაცემი.
2017 წლის 05 ივლისს თამაზ ინალიშვილმა მოქალაქეს გადასცა სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გადავადების ამსახველი სამხედრო-სააღრიცხვო წვევამდელის ყალბი მოწმობა, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 25- 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
06/07/2017