საქართველოს პრეზიდენტი გამოჩენილი მეცნიერის ნაფი ჯუსოითის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:
მწუხარებით მივიღე ცნობა თვალსაჩინო ოსი ლიტერატორისა და მეცნიერის, ნაფი ჯუსოითის გარდაცვალების შესახებ.
ბატონი ნაფის სამწერლო, მთარგმნელობით და სამეცნიერო მოღვაწეობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალურ ცხოვრებაში.
ქართული პოეზიის მის მიერ შესრულებული თარგმანები, სამეცნიერო მოღვაწეობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დაკავშირებული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, შემოქმედებითი და პირადი ურთიერთობები ქართველ მწერლებთან, პოეტებთან, მეცნიერებთან – ორი ხალხის ძმობის საუკეთესო მაგალითია.
ამიტომაცაა, რომ მის ღვაწლს ერთნაირად მიაგებენ პატივს ქართველი თუ ოსი მეგობრები, კოლეგები, ყველა, ვისთვისაც ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნის მოქალაქეთა ერთობა უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა.
ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ნაფი ჯუსოითის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას.
საქართველოს პრეზიდენტი გამოჩენილი მეცნიერის ნაფი ჯუსოითის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
30/06/2017