ფოთის მუნიციპალიტეტმა გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაიწყო.
ქალაქ ფოთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 მარტის დადგენილებით N 8/8 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა ნება დართული არ არის.
ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს მოსალოდნელი ღონისძიებების შესახებ.
,,მიმდინარეობს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა ხისა და რკინის კონსტრუქციებისგან, რომლებიც განკუთვნილი იყო გარევაჭრობისთვის. მათ ვთავაზობთ ალტერნატიულ ფართებს აგრარულ ბაზარში. მოვაჭრეები 3 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას,ხოლო ერთი წლის განმავლობაში განახევრებული ტარიფით გააგრძელებენ მუშაობას , – განაცხადა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად შუბითიძემ.
ფოთის მუნიციპალიტეტმა გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაიწყო
26/06/2017