ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობაზე ინფორმაცია მოისმინა

26/06/2017

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილეებთან და სამსახურების უფროსებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრა გამართა. გამგებელმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობაზე და 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებზე. „მიმდინარე წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ორი ერთეული ნაგავმზიდი მანქანა და 100 ერთეული ურნა მიიღო, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დასუფთავების კუთხით არსებული მდგომარეობა. მომავალი წლის ბიუჯეტში იზრდება შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ დაფინანსება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებზე – 2017 წლის 1 ივლისისთვის დაგეგმილი ცვლილებების საფუძველზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებებში იცვლება საჯარო თანამდებობათა დასახელებები. ამასთან, „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებით, 2017 წლის 1 ივლისამდე საჯარო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებების ცვლილება და მათი იერარქიულ რანგებში განაწილება.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიუროდან მიღებული რეკომენდაციების და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით განსაზღვრული თანამდებობების ფუნქციათა ერთობლიობის შესწავლისა და ანალიზის და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობათა საჯარო მოხელეების თანამდებობათა იერარქიულ რანგებში განაწილებისა და თანამდებობათა დასახელებების განსაზღვრის მიზნით გამართული შეხვედრების საფუძველზე გამოიცა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებები: „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობად განსაზღვრის შესახებ“, „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული ზოგიერთი შტატგარეშე მოსამსახურის პოზიციის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობად განსაზღვრის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობის შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად განსაზღვრის შესახებ“ განაცხადა გამგებელმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0