ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა I საერთაშორისო კონკურსი საზეიმოდ გაიხსნა.
ცერემონიაზე დამსწრე აუდიტორიას მიესალმნენ კონკურსის დამაარსებელი პიანისტი თამარ ლიჩელი, ჟიურის წევრები და კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ხუჯაძე. ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს კონკურსის წინა წლის გამარჯვებულებმა გიორგი გიგაშვილმა და სანდრო სიდამონიძემ.
როგორც თამარ ლიჩელმა აღნიშნა, კონკურსი ბორჯომში 2015 წელს დაარსდა და მასში მონაწილეობა საქართველოში მოღვაწე ახალგაზრდა მუსიკოსებს შეეძლო. დიდი ინტერესის გამო კი წელს კონკურსის მასშტაბები გაიზარდა და საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა.
საკონკურსო მოსმენებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 58 მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. ის 4 ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება.
27 ივნისს კი გამარჯვებულთა დაჯილდოება და საზეიმო კონცერტი გაიმართება.
ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ჯულიარდის სკოლისა და კლივლენდის ინსტიტუტის პროფესორი, სახელგანთქმული პიანისტი სერგეი ბაბაიანია, მონაწილეებს შეაფასებენ ასევე კონკურსის დამაარსებელი თათა ლიჩელი და ალაბამას უნივერსიტეტის პროფესორი, ედიშერ სავიცკი.
კონკურსი ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროსა და IDS ბორჯომის მხარდაჭერით იმართება.
კონკურსს სასტუმრო Crowne-Plaza-ს ქართული დარბაზი მასპინძლობს.
ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდა პიანისტების აღმოჩენას, მათ წახალისებასა და პატარა მუსიკოსების საშემსრულებლო დონის ამაღლებას.
ბორჯომში პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა
23/06/2017