თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაუნის სინდრომის ცენტრის სარემონტო სამუშაოების პროცესს გაეცნო. მიმდინარე წლის მარტში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დაუნის სინდრომის ასოციაციას, საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, გადასცა ფართი, სადაც დაუნის სინდრომის პირველი ცენტრის შექმნა და ამუშავება იგეგმება. ცენტრის შექმნის იდეა მრავალი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. თბილისის მერიის მიერ ფართის დათმობის შემდეგ, გაჩნდა შესაძლებლობა ასოციაციის ყველა განმავითარებელი პროგრამა, საინფორმაციო ცენტრი და სხვა ახალი იდეები გაერთიანდეს ერთ სივრცეში. დაუნის სინდრომის ცენტრი იქნება ადგილი, რომლის იდეაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების განათლება და განვითარება, ოჯახების ინფორმირება და გაძლიერება,ზრდასრულთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერა, სპეციალისტების პროფესიული ზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ცენტრის ოფიციალური გახსნა მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება.
ანდრია ბასილაია დაუნის სინდრომის ცენტრის სარემონტო სამუშაოებს გაეცნო
31/07/2020