ჩვენ ვიწყებთ გათოვლიანების მეორე ფაზას 2017 წელს და 2017 წლის ბოლოსთვის გვექნება ყველა ის ზონა გათოვლიანებული, სადაც ბუნებრივად არის დაბალტენიანობა, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა გუდაურში, ახალი საბაგიროს გახსნაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს კეთდება იმისთვის, რომ ადრე იქნას უზრუნველყოფილი სეზონის გახსნა და მეტი შემოსავალი ნახონ ინვესტორებმა, სასტუმროს მფლობელებმა.
”ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ 86 მილიონიანი პროექტი იწყება – კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იმისთვის, რომ გუდაურის კურორტი და ყაზბეგი-სტეფანწმინდა გახდეს 4 სეზონიანი კურორტი, იმისათვის, რომ ყველა ოთახი და სასტუმროს პოტენციალი, რომელიც არესებობს გუდაურში, ყაზბეგში და სტეფანწმინდაში, გაერთიანდეს ერთ მთლიან კომპლექსში. გუდაურთან ამოსასვლელში არის კიდევ ერთი ტერიტორია, რომლის განვითარებას ჩვენ ვგეგმავთ. ამ ყველაფრის შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ რაც გვაქვს დღეს კურორტი, დაახლოებით 3-4 ჯერ დიდი იქნება ის მთლიანობაში და ეს იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი. ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს რეალობაა, რომლის განხორციელებაც ჩვენ დავიწყეთ და ფეხდაფეხ მივყვებით. ეს არის რამდენიმე წლის გეგმა და არა ათწლეულის, ეს არის სულ 3,4, მაქსიმუმ 5 წლის გეგმა, რომ ჩვენ ეს ყველაფერი რაზეც ვისაუბრე, გვქონდეს აბსულუტურ რეალობაში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა .
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, დაფუძნდა სამთო – საგადასავლო სკოლა და მისი შედეგი იქნება ის, რომ 2 წელიწადში ჩვენ გვეყოლება საერთაშორისო სერთიფიცირებული სამთო გიდები და ინსტრუქტორები.
”ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩავჯდეთ ყველა იმ სტანდარტში, რომელშიც უნდა იყოს მსოფლიოს წამყვანი სამთო-სათხილამურო კურორტი. მთლიანობაში ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი მთის რეგიონის და აქ მცხოვრები ადამიანებისთვის, იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ მეტი შემოსავალი, მეტი დასაქმება. მეტი ტურისტი ნიშნავს მეტ ქართულ პროდუქტს გაყიდულს უცხოეთის ბაზარზე, საქართველოს მაღალ ცნობადობას და მეტ ინვესტიციებეს ჩვენ ქვეყანაში”, -განაცხადა კვირიკაშვილმა.