მაია ბითაძემ გამწვანების პროექტის განხორციელების საკითხებზე აჭარაში შეხვედრა გამართა

21/12/2023

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე პროექტის „მწვანე და რეკრეაციული სივრცეებისთვის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, ბათუმის მერიაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს პარლამენტის მიერ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” ცვლილებების გაცნობა და მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლებისადმი ხელშეწყობა წარმოადგენდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კოდექსით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დაევალათ, 2024 წლის 1 იანვრამდე დაადგინონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობები, აგრეთვე მწვანე ნარგავების გაშენების, ჭრის ნებართვის გაცემისა და საკომპენსაციოდ დარგვის განხორციელების წესი და პირობები.
კოდექსის თანახმად, გამწვანების პროექტის წარდგენა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარსადგენი დოკუმენტაციის სავალდებულო ნაწილი გახდა. როგორც მაია ბითაძემ კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებთან დაკავშირებით აღნიშნა, ეს მიდგომები თბილისში 2019 წლიდან უკვე მოქმედებს და პრაქტიკული შედეგებიც აქვს. მისივე თქმით, გამწვანების პროექტის წარდგენის ვალდებულება რეგიონის მუნიციპალიტეტებს მომავალი წლიდან ექნებათ. კომიტეტი მზადაა, შესაბამისი დახმარება გაუწიოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და თბილისის გამოცდილების შედეგები გააცნოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0