ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის შეხვდა. რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართული სამუშაო ვიზიტის მიზანი რეგიონის პოტენციალისა და გაეროს სააგენტოების მხარდაჭერილი პროექტების გაცნობა იყო. გაეროსა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობას მრავალწლიანი ისტორია აქვს და ამ დროის განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდა, რომელმაც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ გაეროს 2021-25 წწ. მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელსაც ხელი 2020 წელს მოეწერა გაეროსა და საქართველოს მთავრობას შორის, ქვემო ქართლის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. მხარეებმა ისაუბრეს გაეროს სააგენტოების მიმდინარე დახმარებაზე და სამომავლო გეგმებზე, რომლებიც რეგიონის განვითარების ისეთ საკვანძო სფეროებს უკავშირდება, როგორებიცაა ღია და გამჭვირვალე რეგიონული მმართველობა, ტურიზმი და ტრანსპორტი.
რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები: ნიკა კობახიძე, ილია ჯალაღანია და კახა კობერიძე, ასევე გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ქემლინ ფურლი და საქართველოში გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის მრჩეველი პარტნიორობის საკითხებში, ანა სეკულიჩ პრიბიჩევიჩი ესწრებოდნენ.
გიორგი დოხტურიშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა
06/10/2023