საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ და ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ისაუბრეს მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებზე და იმ მიმართულებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის ფარგლებში ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება. ამ მხრივ, ჯეიმს აპატურაიმ ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის განვითარებისთვის. რომეო მიქაუტაძემ სტუმრებს ასევე გააცნო ის შედეგები, რაც განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადებულ პირველ აუქციონზე დაფიქსირდა. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა ძალიან წარმატებით ხორციელდება, რაც, საბოლოოდ, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.
ჯეიმს აპატურაიმ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ენერგეტიკული დარგის მიმართ და განაცხადა, რომ საქართველოს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს. ასევე აღნიშნა, რომ მისი რესურსები იძლევა დადგმული სიმძლავრეების ზრდის საშუალებას, რაც ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია.მ
საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს
03/05/2023