„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ გაიხსნა და თბილისის მერიის მორიგი სერვისი ამოქმედდა

10/10/2022

60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეების ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, დღეიდან თბილისის მერიის მორიგი სერვისი ამოქმედდება – მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ გაიხსნა. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო. ანდრია ბასილაიამ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორ ნინია მაჭარაშვილთან და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლელა ბაქრაძესთან ერთად, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმი „60+ კლუბის“ პროექტის მხარდაჭერასა და გაფართოებას ითვალისწინებს.

„გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენს მოქალაქეებს საპილოტე რეჟიმში ახალი მუნიციპალური სერვისი შევთავაზოთ. მნიშვნელოვანია, რომ 60+ მოსახლეობისთვის, ქალაქს გარკვეული შეთავაზებები ჰქონდეს. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, ამ ასაკის მოქალაქეებისთვის ორ სპორტულ ცენტრში სერვისების შეთავაზება დავიწყეთ. პროექტში ახლა უკვე ბიბლიოთეკების გაერთიანება ჩაერთვება და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის თანადგომით, პირველი კლუბი შეიქმნა. მზად ვართ, ყველა ის მიმართულება განვავითაროთ, რომელიც 60 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. მომდევნო კლუბის გახსნა დიდი დიღმის მულტიფუნქციურ სივრცეში იგეგმება. მზად ვართ, სხვა უბნებიც მოვიცვათ“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ თბილისის მუნიციპალური სერვისია და განკუთვნილია 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები. პროექტის ორგანიზატორი თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებაა.
საწყის ეტაპზე, დაგეგმილია სამი სხვადასხვა აქტივობა – ვარჯიში, ხატვა და მუსიკა. კლუბის წევრები დაესწრებიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს, არტთერაპიას – ხატვას, რომელსაც მხატვარი ქეთევან მატაბელი შეასწავლის და მუსიკას, რომლის გაკვეთილებსაც მუსიკოსი ია შუღლიაშვილი ჩაატარებს.
„60+ კლუბი“, რომელიც მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში (ვაჟა ფშაველას გამზ. N99) მდებარეობს, წევრებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე მოემსახურება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა ადგილზე შეეძლებათ. კლუბის გახსნის ღონისძიებას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და საკრებულოს დეპუტატებიც დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0