50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვლის განმავლობაშიც გაგრძელდება, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. აღინიშნა, რომ ინფიცირების მზარდი მაჩვენებლების მიუხედავად, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის მაჩვენებელი არ იზრდება, რაც „ომიკრონის” შტამის საკმაოდ სუსტ მიმდინარეობაზე მიუთითებს. თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, საფრთხე მაინც მაღალია, განსაკუთრებით მაღალ ასაკობრივ ჯგუფებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვაქცინაციას და ორჯერადად ვაქცინირებული პირების ე.წ ბუსტერ დოზით აცრას. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს აქტიურ მუშაობას ქვეყნის მასშტაბით, ვაქცინაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, ხოლო ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში. ამასთან, როგორც ცნობილია, იზრდება ონლაინ-კლინიკების რესურსები, რათა მსუბუქმა პაციენტებმა, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, ოჯახის ექიმების კონსულტაცია შეუფერხებლად მიიღონ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 075 154 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 972 745 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 14 774 ადამიანი. ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება 2 064 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4 595 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვლის განმავლობაშიც გაგრძელდება, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ
25/01/2022