ლევან დავითაშვილი ევროკონტროლის გენერალურ დირექტორს ემონ ბრენანს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ორგანიზაციას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული და სამომავლო ურთიერთოების, მათი განვითარების შესახებ იმსჯელეს. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მომავალი წლიდან საქართველო ევროკონტროლის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული საკითხების განხილვა ჩვენს პარტნიორებთან – ევროკონტროლის ხელმძღვანელობასთან.
“ევროპასთან ინტეგრაციის პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ინსტიტუციური ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში, მათ შორის ევროკონტროლში საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ავიაციის განვითარებისთვის.
საქართველოს ავიაციის აღდგენა ინტენსიურად მიმდინარეობს და მომავალი, 2023 წლიდან პროგნოზირებულია, რაშიც საერთაშორისო პარტნიორებიც გვეთანხმებიან, რომ ის სრულად აღდგება 2019 წელთან მიმართებაში და გააგრძელებს განვითარებას ევროპული მაღალი სტანდარტების შესაბამისად იმისთვის, რომ ბაზარი იყოს კონკურენტუნარიანი, მდგრადი და მომავალში ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი“, – აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.
ევროკონტროლის გენერალურ დირექტორთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვახტანგ მახარობლიშვილმა. ევროკონტროლი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის მასშტაბით საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხო და უწყვეტი მართვის უზრუნველყოფის მიმართულებით საქმიანობს. საქართველო ორგანიზაციის წევრი 2014 წელს გახდა.