5 მარტს რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება

04/03/2022

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის მიზნით 5 მარტს რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება. ბიურომ საქართველოს პრეზიდენტს შესთავაზა, რომ ყოველწლიური მოხსენებით პირველსავე პლენარულ სხდომაზე წარსდგეს და მზადყოფნა გამოთქვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის.

„პრეზიდენტის ინსტიტუტისა და პრეზიდენტის მიმართ პატივისცემას თავშივე დავაფიქსირებ. ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა კონსულტაცია. არსებობს რამდენიმე კონკრეტული არგუმენტი. მაგალითად ის, რომ გაწერილი წესია და არსებობს ჩანაწერი, რომ შეგვიძლია სხვა თარიღიც შევარჩიოთ. ვფიქრობ და ჩემი კოლეგებიც მეთანხმებიან, რომ აქტუალური თემა არის სხვა საკითხები. რა თქმა უნდა, ნამდვილად არ ვაპირებ დავაკნინო პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის როლი, მაგრამ მიმდინარე საკითხები გაცილებით აქტუალურია. ვფიქრობ, რომ მოხსენების წარდგენის დროსთან დაკავშირებით დასაჩქარებელი არაფერია და ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავნიშნოთ. ჩვენი წინადადებაა, რომ ეს პირველივე სხდომის დღეს გავაკეთოთ, როგორც ეს კონსტიტუციითა და რეგლამენტითაა გათვალისწინებული“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე.

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის თარიღის გადაწევას არ დაეთანხმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.

„სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში გახლდათ ბრიუსელში, შეხვდა ემანუელ მაკრონს, ესაუბრა ბლინკენს. ამ სიტუაციაში, როდესაც ყველა ვამაყობთ და ვსაუბრობთ იმაზე, რომ განაცხადი შევიტანეთ და ამ დროს პრეზიდენტი ბრუნდება ბრიუსელიდან, საფრანგეთიდან, მიკვირს, რატომ შეიძლება გადაითარგმნოს მისი გამოსვლა როგორც ანგარიში. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაინტერესებს, რა უთხრეს ჩვენს პრეზიდენტს ჩვენმა პარტნიორებმა. არ ვდაობ არც პროცედურულ საკითხებზე, არც პოლიტიკურად, ერთხელ ერთიანი პოზიცია გქონდეთ. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გვინდა შესვლა და ამ დროს პოლიტიკური კულტურაც კი არ გვაქვს ერთმანეთთან მოლაპარაკების, თანხმობის და შემდეგ საქართველოს პრეზიდენტზე ვამბობთ, რომ ახლა არ არის ამის დრო და ერთი კვირის შემდეგ მოვიყვანოთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0