5 აპრილს საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება

05/04/2019

5 აპრილს საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით 2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის ქვეყნების ლიდერებს მოსახლეობის საყოველთაო მოცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ნაბიჯისკენ – პირველად ჯანდაცვაში ინვესტირებისკენ მოუწოდებს. ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში ჯანმოს ევროპის ბიუროს ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო გეგმები. პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაძლიერება, სოფლის ექიმის პროგრამის გაუმჯობესება, სტრატეგიული შესყიდვების დანერგვა, სოციალური მომსახურების საააგენტოს რეორგანიზაცია არის ის მთავარი მიმართულებები, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის რგოლის გასაძლიერებლად არის დაგეგმილი.
შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში უმსაპინძლა, სადაც ჯანმოს ექსპერტებს ადგილზევე გააცნო საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელთა საქმიანობა. ასევე, დაწესებულებაში მოეწყო ქრონიკული დაავადებების სამკურანლო მედიკამენტების პროგრამის კუთხე, რათა მოქალაქეებს მიეღოთ დეტალური ინფორამცია სამინისტროს მიერ ანაზღაურებადი მედიკამენტების შესახებ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ევროპის რეგიონის ქვეყნებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, თუმცა, მოსახლეობის დიდ ნაწილს, კვლავ არ აქვს საკმარისი წვდომა საჭირო სამედიცინო სერვისებზე. სამედიცინო სერვისებისთვის, განსაკუთრებით მედიკამენტებისთვის საჭირო თანხები მნიშვნელოვან ტვირთს წარმოადგენს ევროპის რეგიონის, მათ შორის მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობისთვის. ევროპის 24 ქვეყნის ჯანდაცვაზე დანახარჯების შესწავლამ ცხადყო, რომ ოჯახების 9%-ს სამედიცინო სერვისებისთვის თანხის გადახდის შემდეგ აღარ რჩება სხვა მინიმალური საყოფაცხოვრებო საჭიროებების დაკმაყოფილების რესურსი. განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ასაკოვანი მოსახლეობა, ყველაზე მეტად განიცდის ჯიბიდან გადახდასთან დაკავშირებულ სირთულეებს და ხშირად სრულადაც ვერ იღებს საჭირო სერვისებს.
„საქართველოს მთავრობა ატარებს სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რათა შეამციროს ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდები, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი და მუდმივი სამედიცინო საჭიროებების მქონე პირებისთვის. განსაკუთრებით ბოლო წლებში, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომელმაც 2018 წელს მთლიანი მოსახლეობის თითქმის 90% -ის სამედიცინო სერვისები დააფინანსა. პირველად ჯანდაცვას აქვს სასიცოცხლო როლი სამედიცინო სერვისებზე ფართო წვდომის უზრუნველყოფის საკითხში”-ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0