5 მუნიციპალიტეტში პროექტი „ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“ განხორციელდება

12/08/2019

„ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“ – ამ სახელწოდების პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა. ჭიათურის, ტყიბულის, ცაგერის, ხაშურისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში პროექტს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის არაკომერციული ორგანიზაცია “აგორა” განახორციელებს. მხარეებს შორის დღეს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. პროექტის მიზანია ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ საკუთარი ქალაქების/დაბების პერსპექტიული კონცეფციებისა და საკვანძო საპროექტო წინადადების შემუშავება, რომელთა შორის საუკეთესო იდეის გამოვლენა მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით მოხდება.

„სიმბოლურია, რომ მემორანდუმის ხელმოწერა დაემთხვა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს. მჯერა, ეს პროექტი კარგი საშუალება იქნება, რომ ხუთ მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა აქტიურმა ახალგაზრდებმა გამოავლინონ სურვილი, ცოდნა, იდეები და ჩაერთონ ურბანული განვითარების კონცეფციების შემუშავებაში, რაც სარგებელს მოუტანს ყველა თაობის წარმომადგენელს, რეგიონში კი ახალ სიცოცხლეს შეიტანს, “ – აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.

პროექტი ითვალისწინებს სამიზნე ლოკაციებში მცხოვრები ახალგაზრდობისათვის ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტების გამოყენების, ადვოკატირების, სამოქალაქო აქტივიზმის, პროექტების წერის უნარ-ჩვევებისა და ცოდნის ამაღლებისათვის ტრენინგების ჩატარებას. ახალგაზრდული გუნდები მათ მიერ შემუშავებულ კონცეფციებსა და საპროექტო წინადადებებს საჯარო განხილვისათვის გააცნობენ მოსახლეობას. კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო იდეების ავტორები მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო ტურში ქალაქ პრაღაში. პროექტის განხორციელების ვადებია 2019 წლის აგვისტოდან მომავალი წლის აპრილამდე. პროექტის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო იდეების დაფინანსების საკითხს სამინისტრო დამატებით განიხილავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0