თერჯოლის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის 18 ადმინისტრაციული ერთეულის 45 სოფელში ჩატარდა.
„45 სოფელში ჩატარებული კრებების შემდეგ გამოვლენილია 110 გამარჯვებული პროექტი, რომელთა განხორციელება საკრებულოში წარდგენისა და დამტკიცების შემდეგ დაიწყება. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივებმა თავად გადაწყვიტეს, ამ ეტაპზე რომელი პროექტის განხორციელება მოუტანს სოფელს სარგებელს. მოხარული ვარ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა, რომლის ფარგლებშიც, თერჯოლის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ ამ ეტაპზე 345 ათასი ლარი დაიხარჯება და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება“-განაცხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ.
გამარჯვებული პროექტების განხორციელების დეტალებზე იმსჯელეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ თათბირზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ, მერის პირველმა მოადგილემ მანუჩარ ფანჩულიძემ, სამუშაო ჯგუფის წევრებმა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა.