“ეს არის დღესასწაული სრულიად საქართველოსთვის. 40 წლის წინ ნამდვილად განსაკუთრებული მადლი ხვდა წილად ჩვენს ქვეყანას, როდესაც თქვენ გახდით ქართული ეკლესიის და ჩვენი სულიერების საჭეთმპყრობელი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 40 წელია, რაც უწმინდესი და უნეტარესი სამშობლოს სიყვარულისა და გვერდში დგომის მაგალითს გვაძლევს.
„40 წლის წინ ნამდვილად განსაკუთრებული მადლი ხვდა წილად ჩვენს ქვეყანას, როდესაც თქვენ გახდით ქართული ეკლესიის და ჩვენი სულიერების საჭეთმპყრობელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი თითოეული ჩვენგანისთვის, სრულიად საქართველოსთვის. 40 წლის განმავლობაში თქვენი ყოველდღიური მოღვაწეობითა და ცხოვრებით, გვაძლევდით მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და როგორ უნდა დავუდგეთ გვერდით ერთმანეთსა და ჩვენს სამშობლოს. კიდევ ერთხელ, მინდა, მოგილოცოთ დაბადების დღე, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და ვულოცავ სრულიად საქართველოს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დღესვე, საქართველოს საპატრიარქომ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ბიბლიის პრეზენტაციას უმასპინძლა. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიბლიის აკადემიური ტექსტის გამოცემა ისტორიული მოვლენაა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ბიბლიის ქართულ თარგმანთა კრიტიკულად დადგენილი ტექსტების სრული კორპუსის გამოცემას განსაკუთრებული სამეცნიერო და საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს.
ირაკლი კობახიძემ გაწეული სამუშაოსთვის – საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს და საქართველოს საპატრიარქოს, პრეზიდენტსა და მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს ჩვენ ვართ ისტორიული მოვლენის მონაწილენი და მომსწრენი. ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ბიბლიის აკადემიური ტექსტის გამოცემა. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქართული ისტორიოგრაფიისთვის, მას აქვს ძალიან დიდი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მნიშვნელობა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში, ხელნაწერთა ინსტიტუტის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ეს საქმე ვერ შედგებოდა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს დაბადების დღე მიულოცეს და ბიბლიის (ძველი აღთქმა) ქართულ თარგმანთა კრიტიკულად დადგენილი ტექსტების სრული კორპუსის პირველი გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.
ბიბლიის ქართულ თარგმანთა კრიტიკულად დადგენილი ტექსტების სრული კორპუსის პირველი გამოცემა V-XVIII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში დაცული „ძველი აღთქმის“ წიგნების სრულ მასალას მოიცავს და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა თითქმის 60 წლიანი შრომის შედეგს წარმოადგენს. წიგნი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდა.