საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ობანამ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:
„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო უნგრეთის მთავრობის წევრებო, ძვირფასო სტუმრებო, მეგობრებო, მე მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენი ქვეყნის ნამდვილ მეგობარს და ძლიერ მხარდამჭერს – ბატონ ვიქტორ ორბანს. მე ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თავის კაბინეტთან ერთად ჩამობრძანდა საქართველოში და ჩვენ დღეს გავმართეთ პირველი მთავრობათაშორისი სამიტი, რომელიც არის უნიკალური და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ისტორიული დღეა საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებში. მე შეგახსენებთ, ძვირფასო მეგობრებო, რომ ჩვენ საკმაოდ ინტენსიური შეხვედრები გვქონდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვიყავი ვიზიტით ბუდაპეშტში, სადაც შევთანხმდით სწორედ პირველი მთავრობათაშორისი სამიტის გამართვის შესახებ, ასევე – ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და გავხდით სტრატეგიული პარტნიორები. მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება, ბატონო ვიქტორ, პირადად თქვენდამი, ვინაიდან თქვენ ხართ, როგორც მე აღვნიშნე, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ნამდვილი მეგობარი და ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს ტრადიციული და მარადიული ღირებულებათა ერთგულება, რომლებმაც შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, იდენტობის შენარჩუნებაში და, ზოგადად, ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში. ეს მოიცავს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნების, სამშობლოსა და მრწამსის, რელიგიისადმი ერთგულებას; ოჯახის სიწმინდის, ტრადიციების პატივისცემას და არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ვიქტორ ორბანის ღვაწლი, აი, ამ ნამდვილი ფასეულობების, ტრადიციების დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში. მე უნგრეთში ვთქვი და მინდა გავიმეორო, რომ უნგრელ ხალხს გაუმართლათ, რომ ასეთ რთულ, არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, განვიხილეთ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, რომლებიც შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, უსაფრთხოებას, თავდაცვის საკითხებს, განათლებას, კულტურას. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხელშესახები წინსვლა და შედეგები, ვფიქრობ, დღევანდელი დღეც სწორედ საფუძველს ჩაუყრის კიდევ უფრო მეტი შედეგების მოტანას ჩვენი ქვეყნებისთვის, ხალხისთვის. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, დღეს საქართველო იმყოფება საკმაოდ რთულ ვითარებაში. გეოპოლიტიკური ვითარება არის ძალიან შეცვლილი მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაიწყო უკრაინაში ომი და იცით, რომ პირველი ომი ჩვენს ქვეყანაში იყო 2008 წელს, რამაც განაპირობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიათა 20%-ის ოკუპაცია რუსეთის მიერ, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, ჩვენი მთავრობის სწორი, პრაგმატული და პატრიოტული პოლიტიკის შედეგად დღეს ქვეყანაში გვაქვს ერთადერთი უპრეცედენტო მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი, რამაც მოიტანა კონკრეტული ხელშესახები, ძლიერი ეკონომიკური აღმასვლა და კეთილდღეობა ჩვენს ხალხს. აქვე მინდა აღვნიშნო და ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ბატონი პრემიერი არის ინფორმირებული, რომ ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა მთავრობამ და ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა მაქსიმუმი საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად. თუ რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევა იყო შესაძლებელი, ეს ყველა შედეგი სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება ევროპასთან, უვიზო რეჟიმის მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის. შარშან მივიღეთ ჩვენ ევროპული პერსპექტივა, სამწუხაროდ. უნდა აღინიშნოს, რომ შარშან საკმაოდ უსამართლოდ მოგვექცნენ ჩვენ, ჩვენს ქვეყანას და ამას თავისი სახელი დაარქვა ბატონმა ვიქტორმა ბუდაპეშტში, როცა ამ გადაწყვეტილებას უწოდა ამორალური და უსამართლო. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ შეგვესრულებინა თორმეტივე რეკომენდაცია, რომელიც იქნა გადმოცემული ევროკომისიის მიერ, პროცესი ახლაც გრძელდება, ეს მუდმივი პროცესია, ბუნებრივია. ჩვენ ახლა ველოდებით წლის ბოლოს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელსაც, ვფიქრობ, ექნება მყარი საფუძველი და, რაც მთავარია, მინდა აღვნიშნო, რომ თუ დამსახურებაზეა საუბარი, ბუნებრივია, საქართველომ დაიმსახურა, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით იმ ქვეყნების მდგომარეობა და, რა თქმა უნდა, არ მინდა ახლა სხვა ქვეყნებზე ვისაუბრო, მაგრამ ვიცით კარგად, თუ რომელ ქვეყნებს მისცეს სტატუსი და მათთან შედარებით საქართველო არის ორჯერ, სამჯერ წინ ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს საჯარო მმართველობა თუ გამჭვირვალობა, კორუფციის კონტროლი თუ მართლმსაჯულების რეფორმები – ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა და, რა თქმა უნდა, იქნება ეს დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება თუ პოლიტიკური, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, მესმის, რომ ეს უფრო მნიშვნელოვან წილად არის პოლიტიკური გადაწყვეტილება – საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ვინაიდან ეს არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის არჩევანი და საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში მაქსიმუმი გააკეთა, სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაუგებარი, ყოველგვარ არგუმენტაციას, რაციონალს მოკლებული იქნება ევროპის გადაწყვეტილება. ქართველებს ყველაზე მეტად, ამას წინად აღვნიშნე, რომ არ გვიყვარს და ვერ ვეგუებით უსამართლობას და ჩაგვრას. მე კიდევ ერთხელ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ევროპის, ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. დღეს შევიკრიბეთ, აქვე მინდა აღვნიშნო, ამ ისტორიულ ადგილას, ჩვენი დიდი მეფის, ერეკლე მეორის სასახლეში. ბატონ პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ ჩვენი მეფე იყო გამორჩეული თავისი ნიჭით. იგი იყო მიჩნეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრატეგი, დიდი მხედართმთავარი, რეფორმატორი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, მოდერნიზაციას. მეფე ერეკლე ყოველთვის ისწრაფოდა ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოებისკენ. აქვე მინდა აღვნიშნო, და ამის თაობაზე ვუთხარი ბატონ პრემიერ მინისტრს, რომ არსებობს კონკრეტული ფაქტები და ისტორიული დოკუმენტები, როცა თავის დროზე, ჩვენი მეფე უგზავნიდა ევროპელ მონარქებს, მიმართავდა თხოვნით, იქნებოდა ეს ფინანსური დახმარება, თუ სამხედრო დახმარება და, ზოგადად, მისი მთავარი მოტივაცია იყო ჩვენი ქვეყნის დაკავშირება და დაახლოება ევროპასთან, სამწუხაროდ, მაშინ, ევროპელი მონარქების მხრიდან ნაკლები ყურადღება ექცეოდა საქართველოს და, ფაქტობრივად, უყურადღებოდ იყო დარჩენილი ის, მაგრამ დღეს ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ნამდვილი ევროპელი ლიდერებისა, ისეთი, როგორიც არის ბატონი ვიქტორ ორბანი და სწორედ ამიტომ, ჩვენი სურვილი იყო, გარდა იმისა, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვიხარია ბატონი ორბანის სტუმრობა, ასევე გვინდოდა, რომ გვეჩვენებინა ჩვენი ისტორიული მხარე – კახეთი, ღვინის სამშობლო და კიდევ ერთხელ მინდა ბატონ ვიქტორ ორბანს მადლობა გადავუხადო, მას და მის მთავრობას სტუმრობისთვის, მხარდაჭერისთვის და მეგობრობისთვის. დიდი მადლობა!”
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი:
„პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა! მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ღარიბაშვილს, მოწვევისთვის. მოხარული ვართ, რომ საქართველოში ვიმყოფებით, ჩემთვის პატივია აქ ყოფნა. ჩამოსვლის მიზეზი უპირველესად იყო, რომ პატივისცემა და დაფასება გამოგვეხატა უნგრელი ხალხის მხრიდან საქართველოს ხალხისადმი. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ ბრძოლას, რომელსაც რამდენიმე ასი წელია ახორციელებთ, რომ შეინარჩუნოთ ქრისტიანული სახელმწიფო. ჩვენ ვიცით, თუ რა ბრძოლაა, ჩვენი უნგრული ისტორიიდან ვიცი ეს, როგორ იბრძოდნენ ქვეყნები, რომლებიც თავის რწმენას არ თმობდნენ და ბრწყინვალე განვითარების მაღალ შეფასებას ვაძლევთ, რომელიც თქვენ განახორციელეთ ქვეყანაში. ყველა იბრძვის იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს ეკონომიკური დონე, რომელიც იქნება ძალიან მაღალი. თქვენ გვანახეთ განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებლები ეკონომიკაში, რასაც ინარჩუნებთ უკვე რამდენიმე წელია. ამ თვალსაზრისით თქვენი დაახლოება ევროკავშირთან უნდა იყოს გაცილებით უფრო მარტივი, მაგრამ ჩვენი შეხვედრა იყო იმ ფონზე, რომ გლობალური უსაფრთხოების სიტუაცია არასდროს არ ყოფილა იმაზე უარესი, ვიდრე დღეს არის, ბოლო 30 წლის განმავლობაში. თანამშრომლობას განვიხილავდით ორ ქვეყანას შორის, ასევე – ძალიან მნიშვნელოვან გლობალური უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენ ორი მთავრობის შეხვედრა ჩავატარეთ, რომელსაც გააჩნიათ ისტორიული გამოცდილება იმის ცოდნისა, რომ მშვიდობა ყოველთვის ჯობია ომს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში, რომ კონფლიქტები სწრაფად დასრულდეს სამშვიდობო შეთანხმებებით – ეს არის უმთავრესი განვითარებისთვის. უნდა განვაცხადოთ, რომ მსოფლიო ჯერ შორს არის ამისგან. ჩვენ ქართველები და უნგრელები ერთად ვდგავართ და ყველაფერს ვაკეთებთ ორი ქვეყნის თანამშრომლობის მეშვეობით, რომ ამას გზა გავუკვალოთ. ჩვენ დავიწყეთ სტრატეგიული ხელშეკრულების შესრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ორივე ქვეყანამ. ჩემმა მეგობარმა, ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, რომ უნგრეთი გახლავთ საქართველოს ევროპული მისწრაფების მტკიცე მხარდამჭერი. ვფიქრობთ, რომ ეს არის სამართლიანი, საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება და ეს არის ასევე ევროპულ ინტერესებში. მახსოვს ის, თუ როგორ უერთდებოდნენ ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ევროკავშირს. ეს არის 2000-იანი წლების შუა პერიოდი. ჩვენ შევქმენით კონკურენტუნარიანობა ევროკავშირის. უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში, ჩავარდებოდა ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ეკონომიკური ზრდა უკანასკნელი 20 წლის, რაც შეიძლება მივაკუთვნოთ ძირითადად ცენტრალური ევროპის რეგიონის გაწევრიანებას, რაც ნიშნავს, რომ ევროპულ კავშირს სჭირდება ასეთი დინამიზმი, ენერგია, ისეთი ადამიანები, რომლებსაც სურთ იმუშაონ, იყვნენ კრეატიულები და რომელთაც გააჩნიათ ამბიციები. თუ ევროპა არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, როდესაც დრო დადგება, საბოლოოდ ევროკავშირი ფასს გადაიხდის ამისთვის, იმისთვის, რომ დაკარგავს თავის კონკურენტუნარიანობას.
პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ამ კონტექსტში საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს აღნიშნულ სტატუსს. რა თქმა უნდა, ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, არის მაღალი და მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესები აქვს დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს, საუკეთესო გამოსავალია, დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით და ამიტომ ძალიან გულდაწყვეტილები, გაბრაზებულები ვართ, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებიც გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით საქართველოსთან შედარებით, თუმცა მიიღეს ეს სტატუსი. ჩვენ ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ, ვხედავთ გაფართოებას, როგორც პოლიტიკურ პროცესს, თუ რასაც ვამბობთ მართალია, ეს თუ დამსახურებაზე დამყარებული პროცესია, ის რაც მოხდა არის საკმაოდ უსამართლო თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით და ეს უნდა გამოსწორდეს, რაც შეიძლება მალე. ევროკავშირმა უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ ვერ მოვახდენთ მოდერნიზებას ევროპულ ენერგოსისტემისა, ევროპული ეკონომიკის თქვენს ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. ამიტომაც ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის პროგრამები აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი, უნგრეთი – მწვანე დერეფანი გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ევროკავშირისთვის ეს გახლავთ უზარმაზარი პროექტი, რაზეც ვლაპარაკობთ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში, მომავალში იქნება ეკონომიკური ზრდის წყარო ყველა მონაწილე, წევრი ქვეყნისთვის და მინდა ასევე მოვახსენო საქართველოს საზოგადოებას, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ მთელ რიგ ორმხრივ შეთანხმებას, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული იდეები ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე – სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსების მართვის, ფარმაცევტულ – ფისკალურ ინდუსტრიაში. გვაქვს ფლაგმანი ინიციატივები უნგრულ კომპანიებთან საავიაციო კომპანიებთან, რომლებიც არიან ბაზრის ლიდერები, სერვისპროვაიდერები თქვენს ქვეყანაში, რომლებიც ასევე გზას უკვალავენ თქვენს კომპანიებს, ჩვენ 80 სტიპენდიას გავცემთ ქართველ სტუდენტებზე, რომ ჩამოვიდნენ ბუდაპეშტში, უნგრეთში, რომ ისწავლონ. ჩვენთვის დიდი პატივია მათი მიღება, მაგრამ ეს არის ინვესტიცია საქართველოში. ისინი იქნებიან ნამდვილი ჭეშმარიტი ელჩები ორი ხალხის მეგობრობისა და ბოლოს მინდა გავიმეორო ბატონი ღარიბაშვილის, პრემიერ-მინისტრის, სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ მტკიცე საფუძველი მეგობრობისთვის გახლავთ ერთიანი, ქრისტიანული ტრადიცია ორივე ქვეყნისთვის. არ არის ადვილი იყო ქრისტიანი ევროპაში, მართო ქრისტიანული მთავრობა ევროპაში და ვთვლი, რომ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები გახლავთ უმაღლესი ღირებულების, რაც იქნება ძალიან კარგი საფუძველი, რომელზეც შეგვიძლია დავაშენოთ და ყველა მცდელობა, რომ არ იქნას გამოყენებული ეს საფუძველი განწირულია წარუმატებლობისთვის, დაცვა ქრისტიანული ტრადიციების გახლავთ წინაპირობა ევროპული კონკურენტუნარიანობისთვის და ჩვენ მივესალმებით თუ ქვეყნები გადაწყვეტენ და დაუახლოვდნენ ევროკავშირს, რომლებიც დგანან ამ მემკვიდრეობაზე. ეს რომ იწვევდეს ძალიან სერიოზულ არგუმენტებსა და დებატებს ევროკავშირში, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ მოვედით კარგი განზრახვით გვინდა შევქმნათ ძლიერი ევროპა ერთად და უახლოეს მომავალში გვინდა დავინახოთ, რომ ორი კავშირი, ორი ქვეყანა ეკუთვნის ერთი და იგივე პოლიტიკურ კავშირს – ევროკავშირს. ღმერთმა დალოცოს საქართველო, გილოცავთ და გისურვებთ ფანტასტიკურ შედეგებს. ძალიან დიდი მადლობა, მადლობა სტუმარ-მასპინძლობისთვის, ბატონო პრემიერო!”