4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, აღდგება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა

28/09/2021

4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, აღდგება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სასწავლო პროცესის წარმართვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვას. სკოლებში, ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ამასთან, მშობლებს კვლავაც დარჩებათ არჩევანის საშუალება, რაც გულისხმობს იმას, რომ სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, სწავლა დისტანციურად, ონლაინ-რეჟიმში განაგრძოს. საბჭომ განიხილა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციები და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პირბადის გამოყენების აუცილებლობას, როგორც დახურულ, ისე, ღია სივრცეებში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რაც პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 609 340 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 580 891 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 8 884 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 45 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 744 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4 360 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0