350 მლნ ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად

09/12/2020

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დასრულდა. მისი თქმით, უკვე განსაზღვრულია სპეციალური ტრანსფერის ოდენობაც, რომელსაც მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან მიიღებს. ჯამში, აღნიშნული თანხა 225 მლნ ლარს შეადგენს, რომლის გათვალისწინებითაც, თბილისის მერია საკრებულოში მილიარდ 50 მილიონი ლარის მოცულობის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

„ჩვენ მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის ოდენობა იქნება მილიარდ 50 მლნ ლარი, რომელსაც 2021 წლის იანვარში კიდევ 50 მლნ ლარი დაემატება. საბოლოოდ, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი იქნება მილიარდ 100 მილიონზე მეტი, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დედაქალაქში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების წილს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, 350 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

„ბიუჯეტის მესამედი – 33 პროცენტი მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად. ეს არის დაახლოებით, 350 მლნ ლარზე მეტი. ამ რაოდენობის თანხა ამ მიმართულებით არასდროს გამოყოფილა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამები ხელს შეუწყობს და დაეხმარება სწორედ იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამ მიმართულებით ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 21 მლნ ლარით იზრდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამავე რაოდენობის თანხა დაიხარჯება ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

„350 მლნ ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. იცით, რომ პანდემიის გამო, შეფერხება მოგვიწია, თუმცა, იქვე აღვნიშნავდით, რომ ამ პროექტების განხორციელება მოგვიანებით დაიწყებოდა. უახლოეს პერიოდში მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რა პროექტები განხორციელდება 2021 წლის ბიუჯეტით. იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ უფასო სასადილოების პროგრამაში დამატებით, 3 500 მომლოდინე ბენეფიციარი ჩაერთვება. თბილისის მასშტაბით, „უფასო სასადილოებით მომსახურების“ პროგრამაში 40 000-მდე ადამიანია ჩართული, ხოლო 3 500 ადამიანი მოლოდინის რეჟიმში იმყოფებოდა.

„ჩვენ გვაქვს უფასო სასადილოების პროგრამა, სადაც ვეხმარებით იმ ოჯახებს, ვისაც ძალიან უჭირს და მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება. ამ პროგრამებს ჰყავს მომლოდინე ადამიანები. ამ ეტაპზე, საკვებით 40 000-მდე ბენეფიციარს ვაკმაყოფილებთ, ხოლო დაახლოებით, 3 500 ადამიანი არის მოლოდინის რეჟიმში, რომ უფასო სასადილოებით ისარგებლონ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომლოდინე ადამიანების რაოდენობა გავანულოთ. პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მათაც მიეცემათ, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ რთულ ვითარებაში, ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა თითოეული ამ ადამიანისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა გლდანის რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტზეც ისაუბრა. კერძოდ, აღინიშნა, რომ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების მოწყობის საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის სავარაუდო ნიშნები გამოიკვეთა.

„გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების განახლება და კეთილმოწყობა მოხდა. დაიხაზა საგზაო მონიშვნები და მინდინარეობს შუქნიშნების მონტაჟი. ხიზანიშვილის ქუჩაზე იყო გარკვეული პრობლემები. მაშინ, შიდა აუდიტის სამსახურს დავავალე, რომ განეხორციელებინა მოკვლევა, თუ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. სრული მოკვლევა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად, დადგინდა, რომ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე არსებული სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობის გამო, საპროექტო დოკუმენტაციაში სერიოზული ხარვეზები და პრობლემების მთელი ჯაჭვი იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხიზანიშვილის ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე გზის საფარი ჩაიწია, რის გამოც, დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით, 85 000 ლარით დაზარალდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შედგენილი დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის, გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნება.

„რა თქმა უნდა, აღნიშნულ საკითხს ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით. მოკვლევის შედეგად, ვლინდება სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული. საკითხი შემდგომი რეაგირებისა და გამოძიებისთვის გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ გლდანის რაიონში მიმდინარე კიდევ ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე გაამახვილა ყურადღება. კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელისა და წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, რაც ხიზანიშვილის ქუჩის ცენტრალურ სანიაღვრე სისტემაზე, უხვი ნალექით გამოწვეულ პრობლემებს მოაგვარებს. მისივე თქმით, უხვი ნალექის დროს კეცხოველის და მიმდებარე ქუჩების დატბორვის მიზეზი აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე სისტემების არარსებობა იყო.

„სრულდება კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები. ძლიერი წვიმების დროს სანიაღვრე ქსელი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მთელი დატვირთვა ამ ორ ცენტრალურ ქუჩაზე – ხიზანიშვილზე და ვეკუაზე მოდის. გვაქვს პრობლემა, რომ არცერთ იმ ქუჩაზე, რომელიც ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებს უერთდება, სანიაღვრე სისტემა არ არსებობს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და დაგროვილი წყალი პირდაპირ გზაზე მოედინება. რა ხდება კორპუსების ეზოებში, ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. გამგეობას დავალებული აქვს, რომ ყველა ეზოში მოეწყოს სანიაღვრეები. ასევე, მინდა, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს დავავალო, სანიაღვრე ქსელისა და წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქსელი ხიზანიშვილის ქუჩაზე, ცენტრალურ მილზე დაერთდეს. ეს სამუშაოები რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს, იმისთვის, რომ უხვი ნალექის მოსვლით გამოწვეული პრობლემები თავიდან ავირიდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, საბურთალოს რაიონში, თოფურიძის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო. კახა კალაძემ განხორციელებული სამუშაოებისთვის რაიონის გამგებელს, გაიოზ ვასაძეს და გამგეობის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და თვალშისაცემია ქალაქში რეკრეაციული მიმართულებით, რამდენად კარგი და ბევრი პროექტი განხორციელდა. საბურთალოს რაიონში, თოფურიძის ქუჩაზე, დაახლოებით, 7 000 კვ. მ ფართობი ცუდ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობა მის მოწყობა-განახლებას ითხოვდა. სამუშაოების ფარგლებში, სკვერში დამონტაჟდა ატრაქციონები, მოეწყო ფიტნეს ზონა, საფეხმავლო ბილიკი, დამონტაჟდა ლედ სანათები, განთავსდა სხვადასხვა სახის ინვენტარი, მათ შორის, იაპონური სტილის საჩრდილობლები. განთავსდა აუზი და მასზე საფეხმავლო ხიდი მოეწყო. ტერიტორიაზე ხე-მცენარეებიც დაირგო. ძალიან სასიამოვნოა, რომ ქალაქში ამდენი რეკრეაციული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ახალი პროექტებიც იქმნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დღევანდელ სხდომაზე თავის მოადგილეს, მაია ბითაძეს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მაია ბითაძე საქმიანობას საქართველოს პარლამენტში განაგრძობს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს, მაია ბითაძეს. როგორც იცით, ის პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას. მაია პირველივე დღიდან, რაც ჩვენ მუშაობას შევუდექით, დაწყებული საარჩევნო პროგრამიდან, ჩვენს საქმიანობაში ჩართული იყო. მისი ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ქალაქი ლამაზდება, ბევრი მწვანე სივრცე იქმნება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. მისი უშუალო ჩართულობით, არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტი შემუშავდა გარემოს დაცვის, ტრანსპორტის მიმართულებით. პირადად ჩემთვის, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი ძლიერი პროფესიონალი ადამიანი გვტოვებს, თუმცა, მეორე მხრივ, ის ასევე საჭირო და მნიშვნელოვანი მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, იქიდან ახალი კანონპროექტების მიღებით, დედაქალაქს გვერდით დაუდგება და ერთად გავაგრძელებთ მუშაობას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ჩვენს ქალაქს ძალიან სჭირდება. ბევრი რეფორმა გვაქვს დასაწყები, ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებაა განსახორციელებელი საკანონმდებლო მიმართულებით და მაია ბითაძის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე, მადლობა გადაუხადა დიდუბის გამგებელს, ირმა ზავრადაშვილს და აღნიშნა, რომ ის ღირსეულად ართმევდა თავს რაიონის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

„ასევე, მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ირმა ზავრადაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში, დიდუბის გამგეობას ხელმძღვანელობდა. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც დიდუბის რაიონში რიგით მოქალაქეებს ხვდები და მადლობას უხდიან გამგებელს, გამგეობის თანამშრომლებს შრომისთვის, გაწეული საქმიანობისთვის. მინდა, ირმა ზავრადაშვილს წარმატებები ვუსურვო, ისიც საქართველოს პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას. დარწმუნებული ვარ, მისი ჩართულობითა და მხარდაჭერით, ქალაქისა და საკანონმდებლო მიმართულებით, ბევრი კარგი საქმე გაკეთდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0